English / ქართული / русский /
ლია დვალიშვილისოფიო დავითაშვილი
კლიმატის ცვლილება და გარემოზე მისი ზეგავლენის თეორიული საკითხები

ანოტაცია: ნაშრომში მიმოხილულია კლიმატის ცვლილების, როგორც ერთ-ერთი გლობალური საფრთხის, მის მიერ გამოწვეული კატასტროფებისა და სტიქიური მოვლენების შესახებ.

აღნიშნულია კლიმატის ცვლილებით გარემოზე ზეგავლენის შედეგებისა და მასშტაბების, შეცვლილი ბუნებისა და ეკოსისტემების, ,,სათბურის ეფექტით“ გამოწვეული მავნე შედეგების ინტენსივობის თაობაზე.

გამოკვეთილია კლიმატის რყევაზე მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური განვითარების დამოკიდებულება, კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე გარკვეული პროგნოზების მოცემულობა.

მითითებულია პრობლემის მოგვარების გზაზე თითოეული ჩვენგანის როლისა და ფუნქციური მონაწილეობის განსაზღვრაზე. განსაკუთრებით გამოკვეთილია განათლებისა და ცნობიერების საჭიროება.

საკვანძო სიტყვები: კლიმატის ცვლილება, მსოფლიო კლიმატი, გლობალური დათბობა, კლიმატური ზონა, სტიქიური მოვლენა, კლიმატური პარამეტრები, სათბურის ეფექტი.

 

გარემოს ცვლილება  და მასზე ზემოქმედება, განსაკუთრებით გაიზარდა XX საუკუნის მეორე ნახევრიდან. ბუნებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობაში მოხდა ხარისხობრივი ნახტომი, როცა მოსახლეობის სწრაფი ზრდის, ინტენსიური ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის პროცესების  შედეგად სამეურნეო დატვირთვებმა თითქმის მთელ პლანეტაზე ეკოლოგიური სისტემის უმთავრეს, თვითგაწმენდისა და რეგენერაციის უნარს გადააჭარბა.

განსაკუთრებით ბოლო საუკუნის მეორე ნახევარში ადამიანი ბუნებასთან ურთიერთობაში საგანგაშოდ მკაცრი და აგრესიული გახდა. მატერიალურმა ფასეულობებმა დაჩრდილა სულიერი ფასეულობა.  საზოგადოებამ დაკარგა მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა სასიცოცხლოდ ვარგისი ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებაზე. ამიტომაც მეცნიერთა შეფასებით, ბუნებასთან მიმართებაში ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაში სრული ჰარმონიის დამყარება, თანამედროვე ცივილიზაციის გადარჩენის ძირითად პირობად არის მიჩნეული.

ადამიანის ბუნებაში ჩარევამდე ,,ეკოლოგიური ჰარმონია“ იყო. მისმა არასწორმა შრომითმა საქმიანობამ ეს წონასწორობა დაარღვია, რასაც ბუნებამ სხვადასხვა სტიქიური მოვლენებითა და კატაკლიზმებით უპასუხა.

 გლობალიზაციისა და გლობალური ეკოლოგიური ცვლილებების ფონზე ბუნებრივი, თუ ტექნოგენური სტიქიური მოვლენები, ხშირ შემთხვევაში კატასტროფულ ხასიათს იძენს, შედეგად კი ვიღებთ ადამიანურ თუ მატერიალურ დანაკარგს.

გლობალური პრობლემების როლი და გავლენა ამა თუ იმ ქვეყნის განვითარებაზე უმნიშვნელოვანესია. ზოგიერთი შეფასების თანახმად, კაცობრიობის თითქმის 300 პრობლემას გლობალური ხასიათი აქვს. ამ პრობლემებს შორის ,,საპატიო“ ადგილი უჭირავს ეკოლოგიურ პრობლემებს. კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა, რომელიც იწვევს სხვადასხვა ბუნებრივი სტიქიური პრობლემის ჩამოყალიბებას და რიგ შემთხვევებში კატასტროფებს. სწორედ კატასტროფები აისახება ნეგატიურად ქვეყნებისა და მათი მოსახლეობის სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების მოშლაზე.

ადამიანის მხრიდან გარემოზე განხორციელებული არარაციონალური ქმედებების მიზანი მასზე მორგებული და მისი ინტერესების შესაბამისი მიზნების განხორციელებაა მათივე კეთილდღეობისთვის. ანუ ბუნებას, ადამიანსა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას შორის არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ამ კავშირის წრეზე კი ადამიანის ქმედება განსაზღვრავს ნეგატიური შედეგების მასშტაბებს. ენერგიის მოხმარებას, ნარჩენების ზრდას, ახალი სამრეწველო ტექნოლოგიების შექმნას და არასწორად წარმოებულ სოფლის მეურნეობას თან ახლავს სხვადასხვა ნივთიერებების და მათ შორის სათბურის გაზების გაფრქვევა ატმოსფეროში, რაც არის გლობალური დათბობის და წლების განმავლობაში  ჩამოყალიბებული გლობალური კლიმატისა და კლიმატური ზონების ცვლილების ძირითადი მიზეზი.

XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის ბუნების სტიქიური კატასტროფებისგან  დაცვა, სამეურნეო-საინჟინრო ობიექტების უსაფრთხო ფუნქციონირება და გარემოს მდგრადი მდგომარეობის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და ეკოლოგიური პრობლემა გახდა. შესაბამისად კაცობრიობა უამრავი პრობლემის წინაშე დგას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გამოწვევებია, რომლებიც ადამიანის უპირველეს უფლებას და ღირებულებას, სიცოცხლეს ემუქრება. ეს არის კატასტროფების დროსა და სივრცეში გაზრდა და გაძლიერება. სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი (საქართველოს კონსტიტუცია,  მუხლი 10).

კლიმატზე ადამიანის გავლენა დაიწყო უხსოვარი დროიდან და უშუალოდ უკავშირდება მცენარეული საფარის მოსპობას. ადამიანი წვავდა ტყეს მსხვილ ცხოველებზე ნადირობის მიზნით. ხანძრის შედეგად მტაცებლურად ისპობოდა გარეული ცხოველები და იშლებოდა ბუნებრივი ეკოსისტემა.  ეს ქმედება თარიღდება ზედა პალეოლითით. ნეოლითში, როდესაც მეცხოველეობა და მიწათმოქმედება გახდა სამეურნეო საქმიანობის ძირითადი სახე, მცენარეული საფარის გადაწვამ განსაკუთრებით დიდი მაშტაბები მიიღო. მცენარეულობის გადაწვა იწვევდა ბუნებრივი პირობების, მათ შორის კლიმტის მკვეთრ შეცვლას. იზრდებოდა ქარის სიჩქარე დედამიწის ზედაპირთან, იცვლებოდა ქვედა შრეების და ნიადაგის ტემპერატურის და ტენიანობის რეჟიმი, მატულობდა აორთქლება.

კლიმატის ცვლილება, ცხადია პროცედურულად ბუნებრივი პროცესია, თუმცა თითქმის 95%-იანი წილით ის გამოწვეულია ადამიანთა აქტივობით. როგორც ახალი კონცეპტუალური გამოწვევა დაფიქსირდა წინა საუკუნის შუა წლებში, როდესაც გამოიკვეთა მსოფლიოს საშუალო წლიური ტემპერატურის არაჯეროვანი და არარელევანტური ზრდა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ დედამიწაზე გახშირებული ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფების უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი მსოფლიო კლიმატის ცვლილებაა, რომელსაც ჩვეულებისამებრ ათწლეულები ან უფრო ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება.

მართალია კაცობრიობის არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში კლიმატი იცვლებოდა, თუმცა ეს თანამიმდევრული და დინამიკური პროცესი იყო. კლიმატის ცვლილების პროცესის დაჩქარებას გარემოზე ადამიანის უკონტროლო ზემოქმედებამ შეუწყო ხელი. შედეგად მოხდა გლობალური დათბობის აქტივაცია, რამაც მრავალი უარყოფითი შედეგი მოიტანა. გლობალური დათბობის შედეგად მსოფლიოს ყინულის რეზერვები, რომლებიც წარმოადგენენ სასმელი წლის მარაგის 70%-ს, უპრეცედენტოდ სწრაფად დნება, რაც თავისთავად ამცირებს სასმელ წყალზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობას და შესაბამისად, განაპირობებს დედამიწის ზედაპირზე ხმელეთის წილის მნიშვნელოვნად შემცირებას.

ტერმინი ,,გლობალური დათბობა“ ხშირ შემთხვევაში იხმარება კლიმატის ცვლილებასთან ერთად და ხანდახან ერთი და იმავე მნიშვნელობით, თუმცა როგორც მიანიშნებენ, კლიმატის ცვლილება გლობალური დათბობის შედეგია.

კლიმატის ცვლილების შედეგად იცვლება ბუნება და ეკოსისტემები, იზრდება ადამიანთა დაავადებების რისკი. ნიშანდობლივია, რომ ,,სათბურის ეფექტით“ გამოწვეული მავნე  შედეგების ინტენსივობა ყოველწლიურად მატულობს, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის პრობლემის მოგვარების აუცილებლობას. ცხადია, არც საქართველოა გამონაკლისი და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული არასასურველი შედეგები მტკივნეულად აისახება ჩვენს ქვეყანაზეც.

ყველაზე მძლავრი სასათბურე აირებია: წყლის ორთქლი, ნახშიროჟანგი, მეთანი და ოზონი. ზემოთ ჩამოთვლილი აირები იჭერენ მზის ენერგიას და ინარჩუნებენ სითბოს. რაც მეტია სასათბურე აირები ატმოსფეროში, მით უფრო დიდხანს ინარჩუნებს დედამიწა სითბოს, თუმცა აღნიშნული აირების კონცენტრაციის მატება გახდა დედამიწაზე გლობალური დათბობისა და კლიმატური ცვლილებების მიზეზი.

დედამიწაზე სხვადასხვა კლიმატური ზონები ხშირად განსაზღვრავენ ქვეყნების განვითარების ეკონომიკურ მიმართულებებს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებაზე. კლიმატური ზონა ყალიბდება მრავალი წლის (სულ მცირე 30 წლის) განმავლობაში და ამ პერიოდში მისი კლიმატური მახასიათებლების (ტემპერატურის წლიური საშუალო, მაქსიმუმი და მინიმუმი;  ნალექების წლიური ჯამი, დღიური მაქსიმუმი და მინიმუმი; ქარის საშუალო სიჩქარე, მაქსიმუმი, მინიმუმი და მიმართულება) საშუალო მნიშვნელობები მუდმივად იცვლება გარკვეულ საზღვრებში. ამ საშუალო მნიშვნელობებს და საზღვრებს დედამიწის სხვადასხვა ნაწილში, ძირითადად განსაზღვრავს მზის რადიაცია, კონკრეტულ ტერიტორიაზე ან მის სიახლოვეს არსებული წყლების მარაგი, ხოლო გლობალური მასშტაბით, კლიმატის ჩამოყალიბებაზე გავლენა აქვს ასევე ატმოსფეროში არსებული ე.წ სათბურის გაზების რაოდენობას(3).

საქართველო  სპეციფიკური და რთული ფიზიკურ-გეოგრაფიული მოცემულობის გამო შეიძლება ითქვას, რომ პოლიკლიმატური ქვეყანაა. ამიტომ კლიმატური ცვლილება ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორც საქართველოა, უფრო მტივნეულად მიმდინარეობს, ვიდრე დიდ ქვეყნებში, სადაც იმდენად მცირეა კლიმატური ტიპების  ნაირსახეობა, რომ მათ მონოკლიმატური ქვეყნებიც შეიძლება ეწოდოს.

კლიმატის ცვლილებაზე საუბრისას შეუძლებელია არ აღვნიშნოთ დიდი გეოგრაფისა და ისტორიკოსის,  ვახუშტი ბაგრატიონის ღვაწლის თაობაზე. მნიშვნელოვანია მის მიერ დაახლოებით 300 წლის წინათ დახასიათებული საქართველოს ბუნება ყველა შემადგენელი კომპონენტით და მათ შორის კლიმატითაც. ვახუშტის ეპოქაში კლიმატზე ინსტრუმენტული დაკვირვება შეუძლებელი იყო. ეს პროცესები ევროპაშიც კი არ მიმდინარეობდა, საქართველოში კი 1844 წლიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა კლიმატზე დაკვირვების ტექნიკური აღჭურვილობა, მან მაინც მოახერხა საქართველოს ჰავის მაქსიმალურ სიზუსტემდე დახასიათება. დახასიათების საფუძველი სენსორული მეთოდი გახლდათ, ანუ შეგრძნებებისა და პირადი შთაბეჭდილებების გზით.

არსებობს არგუმენტირებული საფუძვლები, რომელიც გვაძლევს უფლებას ჩავთვალოთ ვახუშტი ბაგრატიონი კლიმატოლოგიური შესწავლის ფუძემდებლად  საქართველოში. მან პირველმა მოგვცა საქართველოს მრავალფეროვანი ჰავის ჰოლისტიკური დახასიათება, რომელიც საფუძვლად დაედო ქვეყნის რეგიონულ კლიმატოლოგიას და  დღემდე მოიტანა მისი მეცნიერული განვითარება.

კლიმატის ცვლილება აღიარებულია, როგორც კაცობრიობის წინაშე მდგარი უმწვავესი გამოწვევა. თანამედროვე საზოგადოების, მეცნიერების შეშფოთებას იწვევს ის, რომ გლობალური კლიმატი იცვლება სწრაფად და თანდათან უფრო თბილი ხდება. თუ ქვეყნის ბუნებრივ რესურსებს და ეკონომიკის დარგებს განსაზღვრავს მათ ტერიტორიაზე არსებული კლიმატური პარამეტრები, ამ კლიმატური პარამეტრების ცვლილება ანუ კლიმატის და კლიმატური ზონების ცვლილება დააყებს ქვეყნებს მათი ეკონომიკური მიმართულებების შეცვლის საჭიროების წინაშე.

ეკონომიკის სექტორებიდან, კლიმატის ცვლილება ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაზე მოქმედებს და განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც სოფლის მეურნეობა წამყვანი დარგია. არანაკლები გავლენა აქვს გლობალური დათბობის შედეგებს ტურიზმზე, ჰიდროენერგეტიკაზე და ა.შ.

არსებობს მთელი რიგი სამეცნიერო კვლევებისა, თუ რა გავლენა აქვს კლიმატს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე და ამ კვლევების თანახმად, ეკონომიკური განვითარება ბოლო 250 წლის განმავლობაში სრულიად ეხმიანება დედამიწაზე არსებულ კლიმატურ ზონებს. მაგალითად, ზოგადად, განვითარებისა და განსაკუთრებით ტექნოლოგიების განვითარების დონე დაბალია ტროპიკულ ზონაში, სადაც მუდმივად მაღალი ტემპერატურაა, მაშინ, როდესაც ტროპიკული ზონიდან ჩრდილოეთით და სამხრეთით, სადაც შემოდის ტემპერატურულად განსხვავებული საჭიროებები, გაცილებით კარგადაა განვითარებული სხვადასხვა ტექნოლოგიები (გაგრილება-გათბობის ტექნოლოგიები, ტექსტილის ინდუსტრია და ა.შ) (8).

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში კლიმატის რყევაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მისი მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური კეთილდღეობა. კლიმატის ცვლილებით განპირობებული შვიდი ძირითადი საფრთხე ( წყალდიდობა, სეტყვა, გვალვა, მეწყერი, ძლიერი ქარი, ზვავი და ღვარცოფი) განსაკუთრებით რისკის შემცველია საქართველოსთვის. საქართველო თავისი მდებარეობით, რელიეფით,  ჰიდროგრაფიული ქსელით და გარემო პირობებით შეიცავს როგორც ზემოჩამოთვლილ, ისე ანთროპოგენური კატასტროფების საფრთხეებს (სატრანსპორტო და საწარმოო ავარიები). ამას ემატება ბუნებრივ რესურსებზე მაღალი ანთროპოგენური ზეწოლა, რაც ქმნის ხელსაყრელ პირობებს კატასტროფების პროვოცირებისათვის.

სპეციალისტთა შეფასებით ბოლო წლებში გახშირებული სტიქიური მოვლენების მიზეზები კლიმატის გლობალურ ცვლილებას უკავშირდება. კვლევებით დასტურდება, რომ კლიმატი უკვე შეიცვალა სამხრეთ კავკასიაში და ის გარკვეულ ნეგატიურ როლს ითამაშებს გარემოსდაცვითი უსაფრთხოების თვალსაზრისით. პროგნოზების თანახმად, კლიმატის ცვლილების შედეგად 2050 წლისთვის საქართველოში ტემპერატურის საშუალო მატება ნავარაუდევია 0,9-1,90C-ით, ხოლო 2100 წლისთვის –  4,1-50C-ით. ამასთან, ნავარაუდევია სითბური ტალღების სიხშირისა და ოდენობის ზრდა, ნალექიანობის რეჟიმის ცვლილება, გაუდაბნოება და მიწის რესურსების შემდგომი დეგრადაცია, ზღვის დონის აწევა და სხვა ექსრემალური მოვლენების გახშირება, რაც ქმნის კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის ღონისძიებების სასწრაფოდ გატარების აუცილებლობას (5).

საქართველოში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მკვეთრად გახშირდა ბუნებრივი კატასტროფები და სხვადასხვა ეკოსისტემებში (ტყეები, წყალი, ნიადაგი და სხვა.) შეინიშნება კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდის ტენდენცია; გახშირდა მეწყრები, წყალმოვარდნები, ზვავები, მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლა; გარკვეულ ტერიტორიებზე (დედოფლისწყარო, გარდაბანი, საგარეჯო) უფრო მკვეთრად გამოიკვეთა გაუდაბნოების პროცესი; ზოგიერთი ტერიტორია (მაგ. , ლაგოდეხი) ნახევრად ნოტიო კლიმატური ზონიდან ნოტიო ზონაში გადავიდა.

კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ნეგატიური ზეგავლენა გამოიხატება გვალვების გახშირებაში, წყლის რესურსების კლებასა და მიწის დეგრადაციაში. კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის საქართველოს მეორე ეროვნული შეტყობინების თანახმად აღმოსავლეთ საქართველოში საგრძნობლად მოიმატებს გვალვების სიხშირე და ხანგძლივობა, რაც წყალზე მოთხოვნის გაზრდის არსებითი წინაპირობაა. პარალელურად მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოში მდინარეების წყლის რესურსის კლება, განსაკუთრებით ე.წ ტრანზიტულ მდინარეებზე, როგორიცაა: მტკვარი, ალაზანი და ხრამი. ასე მაგალითად,   მტკვარში წლის დონის კლება გამოიხატება 26-35 პროცენტით. მნიშვნელოვანია, რომ 2100 წლისთვის აღმოსავლეთ საქართველოში განსაკუთრებით გაიზრდება სასოფლო სამეურნეო მიწების ხელოვნური მორწყვის საჭიროება. ამ ფაქტორებმა შეიძლება უდიდესი გავლენა იქონიოს მომავალში ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე, ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული  (4).

სოფლის მეურნეობის დარგის პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა მაქსიმალური ინფორმირებულობა და ცოდნის ამაღლება ამ დარგზე კლიმატის ცვლილების მოსალოდნელი გავლენის შესახებ, ასევე აუცილებელია მათი შესაძლებლობების გაძლიერება.

კლიმატური  პარამეტრების  (ტემპერატურა, ნალექები, ქარის სიჩქარე, ფარდობითი სინოტივე და ა.შ) მიმდინარე ცვლილებები და მომავლის პროგნოზი საქართველოში პერიოდულად ფასდება კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ მომზადებულ  „ეროვნულ შეტყობინებებში“.

კლიმატური პარამეტრების საშუალოდ დადგენილი მნიშვნელობების ცვლილებას კონტინენტებზე, წყლებსა და ოკეანეებში ვიღებთ გლობალური დათბობის შედეგად, რასაც თან ახლავს ცვლილებები კლიმატურ ზონებში, ტყეებში და სხვა ეკოსისტემებში, ეკონომიკის დარგებში და, რაც ყველაზე ყურადსაღებია, ამ ცვლილებებს თან ახლავს გახშირებული ექსტრემალური მოვლენები.

გლობალური ტემპერატურის ცვლილება იწვევს რა კლიმატის ცვლილებას, ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, მოქმედებს ადგილებზე ყოველდღიური ამინდის ჩამოყალიბებაზე და ზოგიერთ ქვეყანაში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ექსტრემალური ამინდის (ძალიან ცხელი დღეები, გვალვები, თბური ტალღები, ინტენსიური ნალექი დროის მოკლე მონაკვეთში, ძლიერი ქარები და სხვ.) გახშირებას, რასაც უარყოფითი გავლენა აქვს ეკონომიკის ბევრ სექტორზე და მათ შორის ტურიზმზე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე და გავრცელების გეოგრაფია.

მეცნიერთა შეფასებით, საკითხის პრობლემატურობის გააზრებაში და მისი მოგვარების გზაზე უპირველესი ამოცანა თითოეული მოქალაქის როლისა და ფუნქციური მონაწილეობის განსაზღვრაა.

სადავო არ არის ის ფაქტი, რომ გარემოს ვქმნით ჩვენ. ჩვენმა არაგონივრულმა დამოკიდებულებამ ბუნებისადმი, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის არსებობას. ადამიანებს გვმართებს მოკრძალებული დამოკიდებულება ბუნების მიმართ.

XXI საუკუნე  – ახალი დრო, ახალი აზროვნებით ითხოვს სამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებას.

თანამედროვე ეტაპზე კლიმატის ცვლილება გარდაუვალი მოცემულობაა. სპეციალისტთა შეფასებით პროცესი მოითხოვს შეძლებისდაგვარად მოხდეს ადაპტირებული მატერიალური თუ არამატერიალური აქტივობების განხორციელება. ამ მოსაზრებას ამყარებს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის განმარტებების მიხედვით თბილისის დეკლარაციის ჩანაწერი:

გარემოსა და გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების გაღრმავება;

გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის აუცილებელი უნარების განვითარება;

გარემოს პრობლემების ირგვლივ ინფორმირებული მოქალაქის ჩამოყალიბება, პასუხისმგებლიანი ქმედებების განხორციელების მიზნით. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. დვალიშვილი ლ., გარემოს დაცვის ეკონომიკური პრობლემები. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი. ინსტიტუტის 75 და ჟურნალ ,,ეკონომისტის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული. თბილისი, 2019.

2. ურუშაძე თ., მაჭავარიანი ლ., გამოყენებითი ეკოლოგიის საფუძვლები. თსუ გამომცემლობა, 2013.

3. კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი, დაბალემისიებიანი (კლიმატ­გონივრული) სოფლის მეურნეობა. UNDP Georgia 2020.

4. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება. თბილისი, 2020.

5. შესავალი კატასტროფების რისკის შემცირებასთან დაკავშირებით. საინფორმაციო პუბლიკაცია. თბილისი, 2020.

6. https://cerch.org/environmental-health/the-seven-biggest-environmental-threats/

7. http://eiec.gov.ge/

8.https://www.researchgate.net/publication/326160892_A_Climate_Theory_of_Economic_Development

9.https://inhabitat.com/7-biggest-threats-to-the-environment-why-we-still-need-earth-day/